პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, „მსგავს ქმედებებსა და ტერაქტებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში“.
პესკოვის განცხადებით, მიზნებს არა თავად კიევი, არამედ ვაშინგტონი განსაზღვრავს, რის შემდეგაც ვაშინგტონი უკრაინელ სამხედროებს მიუთითებს თავდასხმის ობიექტზე და უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან დავალების შესრულებას მოითხოვს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია კრემლზე თავდასხმაში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ისინი ჯერ არ გამჟღავნებულა.
„ამის უარყოფის მცდელობები როგორც კიევში, ასევე ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. კარგად ვიცით, რომ მსგავს ქმედებებსა და მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. შემდეგ კი უკვე კიევი აკეთებს იმას, რასაც მას ეუბნებიან. პრეზიდენტი ასეთ რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიცხადეს შეფასებებში, ბრძანებებში, რომლებსაც გასცემს, ამიტომ ამ მხრივ ახალი არაფერი მომხდარა“ , – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, კიევის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა და არა კრემლზე თავდასხმაა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია. „ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ", მოჰყავს Reuters-ს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, - "ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“.
4 მაისის ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია ვრცელდება კიევში, აფეთქებების შესახებ. როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, თავდაცვას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა და ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „კრემლისთვის“, „მოსკოვისთვის“.