კონსტანტინე ზარნაძე: 2025-მა წელმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და უტყუარად დაადასტურა ჩვენი გუნდის მიმართ ხალხის უდიდესი ნდობა

 კონსტანტინე ზარნაძე

თბილისის საკრებულოს 2025 წლის ბოლო სხდომაზე, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ 2025 წელი შეაჯამა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელმა და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებამ კიდეც ერთხელ დაადასტურა მმართველი გუნდის მიმართ ხალხის ნდობა.

„ჩვენ ვსაუბრობთ 2025 წელზე, რომელმაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და უტყუარად დაადასტურა ჩვენი გუნდის მიმართ ხალხის უდიდესი ნდობა. ცოტა ხნის წინ დასრულებულმა თვითმმართველობის არჩევნებმა ყველას დაანახა რეალობა: თბილისელებმა მხარი დაუჭირეს არა ცარიელ დაპირებებს, არამედ საქმეს, სტაბილურობას და განვითარებას. ის მაღალი ნდობა, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელებმა გამოგვიცხადეს, არის ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და იმავდროულად, იმის დასტური, რომ ჩვენი აღებული კურსი უალტერნატივოა.

მინდა, შევაჯამო 2025 წლის ის ძირითადი შედეგები, რამაც ეს გამარჯვება განაპირობა: მოსახლეობის დიდი ნდობა მერიისა და გამგეობების მიმართ. მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება როგორც გამგეობებში, ასევე სამაჟორიტარო ბიუროებში, ასევე მერმა დაიწყო ყოველკვირეული შეხვედრები ამომრჩეველთან, რაც ნიშნავს, რომ თვითმმართველობა დგას ჩვენი მოქალაქეების გვერდით. მინდა აღვნიშნო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაჩენა, დაახლოებით 700 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება. გამოსაყოფია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება. დაახლოებით, 13 ათასამდე ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით. მსგავსი საკითხია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილება“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების შედეგებმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას და ხალხმა დაინახა, ვინ აშენებს და ვინ ცდილობს, პროცესების შეფერხებას.

„2025 წლის არჩევნებში მიღებული მაღალი ლეგიტიმაცია გვაძლევს იმის ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელოთ თბილისის წინსვლა. ჩვენი გამარჯვება - ეს არის ქალაქის გამარჯვება, ეს არის განვითარების გამარჯვება რადიკალიზმზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ ერთი მიზნით: მეტი კეთილდღეობა თითოეულ თბილისელს!“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.