1766688585
დავით მათიკაშვილი: მკაცრი პასუხი მიიღეს სახელმწიფოსგან, რომელმაც ზუსტი ადგილი მიუჩინა ყველას, მათ შორის ბაჩო ახალაიას, ვინც იღებდა უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კრახით უნდა დასრულებულიყო
საბოლოო ჯამში მკაცრი და გასაგები პასუხი მიიღეს, როგორც ქართველი ხალხისგან, ასევე, სახელმწიფოსგან, რომელმაც ზუსტი და კონკრეტული ადგილი მიუჩინა ყველა იმ პირს, მათ შორის ბაჩო ახალაიას ჩათვლით, ვინც იღებდა ამ უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კრახით უნდა დასრულებულიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილი იყო რა გეგმები ჰქონდათ რადიკალებს 4 ოქტომბერს და როგორც გაირკვა ამ სცენარს ორგანიზებას ბაჩო ახალაია უწევდა.
„მთელმა საზოგადოებამ და არა მარტო საქართველოსი, ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, იცის რა მოხდა 4 ოქტომბერს. ჯერ კიდევ მანამდე იყო დაანონსებული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რევოლუციური კომიტეტებიც კი შექმნეს და 4 ოქტომბერს ძალიან დიდი შეთქმულება და პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა. საბოლოოდ, 4 ოქტომბერს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა.
ვნახეთ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, როგორი სიზუსტით იმოქმედეს, როგორც იმ დღეს, ასევე, შემდეგ დღეებში იმ პირთა დაკავების თვალსაზრისით, ვინც იყო უშუალო მონაწილე ამ კონკრეტული ძალადობის.
იყო კონკრეტული არაერთგზისი კავშირი ბაჩო ახალიასი იმ პირებთან, ვინც უშუალოდ იღებდა ძალადობაში მონაწილეობას და ეს ასეულ ჯერზე მეტხანს გაგრძელდა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. პრაქტიკულად, ჩანს, რომ რადიკალების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ორგანიზებული იყო ბაჩო ახალაიას მიერ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ის, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს ვერც ერთი რევოლუციური სცენარის განხორციელება, ბრძენი ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამასთან, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ასევე, უმაღლეს დონეზე შეასრულეს საკუთარი მოვალეობები სამართალდამცავებმა, რომლებმაც ძალიან დიდი ოდენობით იარაღი იპოვეს სამალავებში.










