დავით მათიკაშვილი კორუფციასთან ბრძოლაზე: გავიხსენოთ ის განცხადებები, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ასევე პრემიერ-მინისტრის მკაფიო გზავნილი - ეს უმძიმესი სენი უნდა დამარცხდეს, სახელმწიფო უნდა იყოს მკაცრი და სამართლიანი

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი განცხადებები გაიხსენა.

„ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოვლენების განვითარება, ქართულ პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის კვლავ შემობრძანება, ის განცხადებები, რაც მან გააკეთა რამდენიმე წლის წინ. ასევე, პრემიერ-მინისტრის მკაფიო გზავნილი როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აპირებს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს საუკეთესოთა შორის, ვინც კი კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის.

კორუფცია არის სენი, რომლისგანაც სამწუხაროდ დღევანდელი მსოფლიო, ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოებიც კი არ არიან დაცული. ის, რომ შესაძლოა, არსებობდეს კორუფციის ფაქტები, არის ერთი მოცემულობა და სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო ადეკვატურად უნდა ებრძოლოს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ებრძვი ამ მძიმე სენს. საქართველომ ამ მხრივ ძალიან დიდი მედეგობა გამოავლინა”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატმა კორუფციის დამარცხებას სახელმწიფოებრივი მიზანი უწოდა.

„ეს უმძიმესი სენი უნდა დამარცხდეს, ამ მხრივ სახელმწიფო უნდა იყოს მკაცრი და სამართლიანი და ასეც იქცევა. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსს ატარებდი გუშინ თუ გუშინწინ ან რა სტატუსს ატარებ დღეს - თუკი არის მხილება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, მექრთამეობა იქნება თუ კორუფცია, ყველამ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს. ამიტომაც ამ მხრივ სამართალდამცველთა მოქმედება გასაკვირი არ არის”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.