პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის ყოფილი კანდიდატი ანზორ მელია პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს. როგორც მელია „პრაიმტაიმს“ უყვება, ის ყველა საპროტესტო აქციაზე მივა, მაგრამ საყვარელ საქმეს ვეღარ მიატოვებს.
მელია ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება უკეთესია, რადგან ოპოზიცია ევროკავშირის მიერ გაწერილი მოთხოვნების შესრულებისთვის იბრძოლებს.
„ძალიან გვინდოდა ყველას, რომ სტატუსი მიგვეღო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. თავად ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ არც ერთი მთავრობის წევრი არ ჩამოსულა ბრიუსელში და შეხვედრა არავისთან გაუმართავთ. მე აქციებზე სულ დავდივარ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროკავშირში აუცილებლად შევალთ. უფრო უკეთესია, რომ პერსპექტივა მოგვცეს, რადგან ვიბრძოლებთ იმისთვის, რაც ჩამოგვიწერა ევროკავშირმა შესასრულებლად. ამას მთავრობა ვერ შეასრულებს, თუ ჩვენი ძალდატანება არ იქნა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ევროკავშირში შევალთ“,- განაცხადა მელიამ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს ანზორ მელია პოლიტიკაში დაბრუნებას, რათა აღნიშნული პროცესი ბოლომდე მიიყვანოს? - გვპასუხობს:
„პოლიტიკაში არ მინდა, რადგან აქ ჩემი საყვარელი საქმე მაქვს. კლინიკას უჩემოდ არსებობა არ შეუძლია, მას ვერ ვუღალატებ. ის ორი თვე რომ არ ვიყავი, კლინიკას დაეტყო კიდევაც. მე გვერდში დავუდგები ყველას, ვინც არ უნდა იყოს, რათა საქართველომ გაიმარჯვოს“,- განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ანზორ მელია პოლიტიკაში აგვისტოში ჩაერთო და კენჭი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუდიდის მეორის არჩევნებში იყარა. არჩევნებში განცდილი მარცხიდან მალევე მელიამ პოლიტიკა დატოვა, აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა.