თაკო ჩარკვიანი „აყირავებას, შეცვლას, რუსთაველის ზანზარს“ გეგმავს - „ჩვენ ვიქცევით მშვიდად და წყნარად“

აქცია

ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონენტების ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის - ოპოზიციაში არსებობს შესაბამისი გეგმა, როგორ უნდა შეცვალონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პირდაპირ აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით სახლში არ წავა, მაშინ ოპოზიცია მას სახლში რევოლუციის გზით გაისტუმრებს.

„რას ნიშნავს ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლა? ჯერჯერობით, არაკანონიერი გზით იქცევა ხელისუფლება, რომელიც ბედავს, კონსტიტუციას არღვევს და საქართველოს საუკუნოვან სურვილს წინ უდგება, რაც არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. ჩვენ კი ვიქცევით მშვიდად და წყნარად.

თუ კონსტიტუციას დაარღვევს ხელისუფლება და ის გადაუდგება წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ანუ გააგრძელებს იმ მავნებლობას, რასაც აკეთებს და ეს უკვე ბანდად ქცეული ჯგუფი დაუპირებს ქვეყანას ჩატოვებას რუსულ სივრცეში, გვაქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით მონიჭებული უფლების  გამოყენების საშუალება, რასაც ჰქვია მშვიდობიანი, მრავალ ათასიანი მანიფესტაციით ხელისუფლების შეცვლის უფლება.

თუკი არ წავა ამ გზით ხელისუფლება, აი, მაშინ ავაყირავებთ მას კონსტიტუციის გზით, როგორც შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება, უსისხლოდ - ეს იყო რევოლუცია კანონიკურ ფარგლებში, ხალხის ნებით სამ დღეში შეიცვალა ხელისუფლება, ეს არის ჩვენი გეგმა. აყირავებას, შეცვლას, რუსთაველის ზანზარს, ყველაფერს წყვეტს ხალხი“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა პოლიტიკის ექსპერტები „პრაიმტაიმთან“ საუბრობენ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობას გეგმავს. როგორც ისინი აცხადებენ, საზოგადოება პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს.