პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულებას სთავაზობს. როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მოპოვებისთვის ერთად უნდა იბრძოლონ.
ღარიბაშვილს განცხადებას უწონებენ ოპოზიციაში, თუმცა პოლარიზაციის დასრულების მიზნით, საკუთარ მოთხოვნებსაც უყენებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ოპოზიციასთან უთანხმოების დასრულების ბერკეტი მხოლოდ ხელისუფლებას აქვს.
„ბატონ ღარიბაშვილს ეტყობოდა, რომ ტონი შეცვლილი ჰქონდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ყველა ბერკეტი პოლარიზაციის დასრულების შესახებ მას თვითონ აქვს. მას შეუძლია, ის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ მიმართ არის, განახორციელოს და პოლარიზაცია დასრულდება - ეს არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, შეფერხებული რეფორმების გაგრძელება და სიძულვილის ენის გამოყენების დასრულება.
ამ ყველაფრის გამოსწორების ბერკეტი ჰქონდა ხელისუფლებას 10 წლის განმავლობაში და ნაცვლად იმისა, რომ წინა ხელისუფლების შეცდომები გამოესწორებინათ, ჩვენ პირიქით დავინახეთ. ამ ყველაფრის გამოსწორების ბერკეტი ახლაც აქვს ხელისუფლებას“, - განაცხადა წითლიძე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულება დღეს შესთავაზა.
"ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას, რომ მოწოდებულები ვართ კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ევროკავშირის პირველი პირობა, პოლარიზების დასრულება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.