ხორვატიის პრემიერ-მინისტრი: შესაბამისი პირობები როდესაც შეიქმნება, ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი

იმედი გვაქვს, საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, კვლავ უფრო აქტიურად და თანმიმდევრულად იქნება ორიენტირებული ევროკავშირის წევრობაზე, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ქართველ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი მიმდინარეობს.

პლენკოვიჩის თქმით, შესაბამისი პირობები როდესაც შეიქმნება, ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას.

„მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული პროცესისა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ვიყავი. ამ ეტაპზე ეს გზა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, ვიდრე წარსულში. იმედი გვაქვს, საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, კვლავ უფრო აქტიურად და თანმიმდევრულად იქნება ორიენტირებული ევროკავშირის წევრობაზე.

ვფიქრობ, იმ შესაძლებლობით, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, სამეზობლო პოლიტიკის კატეგორიაში შემავალი ქვეყნები გაფართოების პოლიტიკის ნაწილად იქცნენ, საქართველომ და ქართველმა ხალხმა უნდა ისარგებლონ. არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. პრობლემები უკავშირდება საქართველოს იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც თქვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა გაყინული კონფლიქტები საერთაშორისო პრაქტიკისთვის უცხო არ არის. შესაბამისი პირობები როდესაც შეიქმნება, ხორვატია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას. დიალოგის ხანგრძლივობაზეც ვისაუბრეთ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ დიალოგს წავახალისებთ და ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.

✕