ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე  განიხილა საკითხი -  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების დანერგვის მიმდინარეობა - არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ და მოისმინა ინფორმაცია „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება  კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და სწორედ ამ  ჭრილში განიხილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხი.

კანონი 2018 წლიდან ამოქმედდა  და ამ წლების განმავლობაში კანონის აღსრულების მიმდინარეობაზე,  არსებულ  გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე  ინფორმაციები წარადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ  კახა ბუხრაძემ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა თემურ გაბადაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ჯონი მაჭარაშვილმა, რომლებმაც მათი სამსახურების მიერ  განხორციელებული საქმიანობის შესახებ ილაპარაკეს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა სტრუქტურების  ერთობლივი მუშაობით და ძალისხმევით ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული. წინა წლებთან შედარებით, დღეისათვის ვითარება საკამოდ გაუმჯობესებულია,  ახლა მთავარია კანონის აღსრულების დონის შენარჩუნება.

ასევე ითქვა ისიც, რომ კანონის მიღმაა დარჩენილი ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, რაც არანაკლებ მავნეა ორგანიზმისთვის და შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი მათი აკრძალვისათვის.

უახლოესი პერიოდის პრიორიტეტებზე საუბრისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საჭიროა თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის შესახებ ნორმატიული აქტის დამტკიცება და მისი სტანდარტად დანერგვის ხელშეწყობა, მედიაკამპანიის გააქტიურება თამბაქოს ახალი პროდუქტების მავნებლობასთან დაკავშირებით.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ სტანდარტიზებული (ე.წ. სადა) შეფუთვის გარეშე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 2024 წლის  1 ივლისიდან აუცილებლად აიკრძალება, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული და ეს საკითხი აღარ გადაიხედება.

„დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ერთობას და იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით პროცესი, რომელიც თამბაქოს მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირებას ითვალისწინებს, წარმატებით დასრულდება. ამ პროცესში აღსანიშნავია ის საზედამხედველო საქმიანობა, რომელსაც პარლამენტი ყველა მიმართულებით ახორციელებს. აღსანიშნავია  ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრის, სამინისტროს საქმიანობა ჯანმო-სთან, თამბაქოს ალიანსთან ერთად. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედია კამპანიას და,  რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, თუ არა განათლების სისტემა, თუ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სხდომაზე „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონი, რომელიც ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს და პარლამენტმა შარშან მიიღო,  სრულად ძალაში 2025 წლის 1 იანვარს შევა. იქამდე კი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტებია მისაღები. შედეგად, ქვეყანა 2025 წლიდან სისხლის უანგარო დონორობაზე გადავა, რაც სისხლის უწყვეტი მიწოდების  წინაპირობა იქნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  პარლამენტის წევრები, სამინისტროების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული პირები.