1746726540
დაგროვებითი პენსია 18,749-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 612 ათასი ადამიანია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 18,749-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 79.2 მლნ ლარი.
„საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 6.7 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია საპენსიო ფონდის ინფორმაციაში.
რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:
1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.