იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი ამომრჩევლები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა უბანზე კომისიის წევრად ჩაწერეს, ამ გზით მათ მმართველ პარტიას მოჰპარეს ხმა - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ამ შემთხვევაში საუბარია კონკრეტულ მოქალაქეებზე, რომლებიც ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც ჩვენი საკუთარი ამომრჩეველი და მომხრე, რომლებიც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა უბანზე კომისიის წევრად ჩაწერეს, ამ გზით მათ მმართველ პარტიას მოჰპარეს ხმა, ხმის უფლება წაართვეს და საარჩევნო ნების განხორციელებაში ხელი შეუშალეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„ამ ყველაფერს ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, როგორც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული პრაქტიკულად დადასტურებულია და საერთო ჯამში 420 შემთხვევას ვაიდენტიფიცირებთ. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ 420-ვე შემთხვევა შეიძლება დანაშაული იყოს, ან შეიძლება ის 102 ყველა დანაშაული იყოს.

ჩვენი ვარაუდით, როგორც მინიმუმ მნიშვნელოვანი ნაწილი არის დანაშაული, რომელიც დამტკიცება კონკრეტული მტკიცებულებებით, რომ ადამიანი ერთგან აძლევდა ხმას და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხვაგან უნდა მიეცა ხმა. ახლო უბნებზე მაინც მოახერხეს ხმის მიცემა, მაგრამ სხვა შემთხვევებში ხმის უფლება ჩამოართვეს პირდაპირ ადამიანებს. ამ საკითხს პროკურატურა ჩვენზე უკეთ გამოიძიებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.