ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ცდილობს, ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ სიცრუეს და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ.
„არჩევნებთან დაკავშირებით ვისმენთ სიცრუეს, არასწორ განცხადებებს. რეალურად გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები არ არსებობს. მათ აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს რაიმე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ვისმენთ სიბინძურეს და სიცრუეს, თუმცა, ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ კონკრეტული ფაქტი წარედგინა პროკურატურისთვის ან საზოგადოებისთვის. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ. კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, როგორმე სახე შეინარჩუნონ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამ ადამიანებს მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ, არჩევნებს ჩვენ ვიგებთო. საზოგადოებამ მათ მიანიჭა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ. დღეს კი, მცდელობა აქვთ, ისევ თავიანთ ამომრჩეველს მოატყუონ. არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, იყო მრავალპარტიული, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, მოსახლეობას კი შეეძლო, საკუთარი არჩევანი თავისუფლად გაეკეთებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თბილისის მერის თქმით, ნამდვილად არსებობს ზეწოლისა და ბულინგის ფაქტები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება შეისწავლის.
„არსებობს ზეწოლისა და ბულინგის კონკრეტული ფაქტები, როგორც ამომრჩეველზე, ასევე დამკვირვებლებზე. როდესაც უკვე საარჩევნო უბნები იხურებოდა, ხმების დათვლა მიმდინარეობდა, იყო კონკრეტული მუქარები, შეურაცხყოფები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.