ირაკლი კირცხალია ნიკა გილაურზე: ადამიანები, რომლებიც ინიღბებიან როგორც სამოქალაქო სექტორი, რეალურად აღმოჩნდებიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები თავიანთი ფონდებით თუ არასამთავრობო ორგანიზაციებით

ირაკლი კირცხალია

მთავარ რაღაცას აეხადა ფარდა - ადამიანები, რომლებიც იფუთებიან და ინიღბებიან როგორც სამოქალაქო სექტორი, გულშემატკივარი სამოქალაქო საზოგადოების, რეალურად ყოველთვის აღმოჩნდებიან 100%-ით პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები თავიანთი ფონდებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით თუ ა.შ, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ყოფილმა პრემიერმა, ნიკა გილაურმა, აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.

„რამდენიმე კითხვა მაქვს: ეს ის ადამიანია, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკაში არ ერეოდა?!, მაშინ როგორ ამობილიზებდა ამ თანხებს, რა ლობისტურ საქმიანობებში მიმართავდა?! მეორე კითხვა - შემთხვევით იმ თანხებით ხომ არ არის დაფინანსებული ბიზნესებს რომ მოუწოდებდა ამ ფონდში ჩარიცხეთ თანხებიო, იცით რომ გარკვეულმა ბიზნესებმა თანხები ჩარიცხა, მაქვს მესამე კითხვაც - ეს ერთ-ერთი ისეთივე ფონდი ხომ არ იყო, რომელიც თავის საქმიანობას ისე ფუთავდა, როგორც საქველმოქმედოს და რეალურად დესტრუქციას ემსახურებოდა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.