ირაკლი კირცხალია მაიკ ბენცის განცხადებაზე: დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ჰქონდა "დიფ სთიეთს", რომ ისინი პროქსი სახელმწიფოებად ექცია

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, მაიკ ბენცის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი USAID-ი აფინანსებდა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, NED-ის, EED-ის, USAID-ის მხრიდან გამოყოფილი თანხები მიდიოდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც „დიფ სთეითს“ ჰქონდა სურვილი, რომ აღნიშნული ქვეყნები ექცია პროქსი სახელმწიფოებად.

„დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის, USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ყველა იმ ქვეყანაში სადაც „დიფ სთეითს“ სურვილი ჰქონდა, ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელი ქვეყანაც მათ უნდოდათ რომ ექციათ პროქსი სახელმწიფოდ.

დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამხელდით მანამდე, სანამ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები დაიკავებდნენ ოვალურ კაბინეტს აშშ-ში. დადასტურდა ის, რის გამოც დაიკეტა ის ორგანიზაციები, რომლებიც კავშირში იყვნენ იმ არაპროფილური თანხების ხარჯვასთან, პირდაპირ იმ თანხების გამოყოფასთან, რომელიც ემსახურებოდა ხაზგასმით სასურველ პროქსი სახელმწიფოში რეჟიმის ცვლილებას, თუ გადატრიალების მოწყობას, თუ სასურველი ხელისუფლების მოყვანას.

ყველაზე მთავარი დადასტურდა ის მძიმე მემკვიდრეობა არამხოლოდ მსოფლიოს მიმართ, არამედ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელზეც უკვე ღიად მიდის საუბარი, თუნდაც აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.