გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მისი წარდგინებები, რომლითაც ის საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ ცნობას ითხოვდა.
რომელ ნორმებს მიიჩნევდა მოსამართლე არაკონსტიტუციურად
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) შენიშვნის მე-4 ნაწილის თანახმად: „თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის
მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება
ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება“.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შენიშვნის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ:
„თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება“.
რა არგუმენტებს ეყრდნობოდა მოსამართლე ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების
პროცესში
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება ინდივიდუალურ საქმის გარემოებებთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს ჩადენილი ქმედების პროპორციულად. კერძოდ, სახდელი არ უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ ნორმატიულ დონეზე, სამართლებრივი ჩარჩო უნდა უზრუნველყოფდეს ნორმატიულად განსაზღვრული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, რათა დანიშნული სახდელი არ აღმოჩნდეს არაპროპორციული. წარდგინების ავტორის პოზიციის თანახმად, აღნიშნული მიზანი მიიღწევა სახდელის ზედა და ქვედა ზღვრის განსაზღვრით, აგრეთვე, სახდელთა სხვადასხვა სახეს შორის არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფით. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სამართალდარღვევის დადასტურებისას, სახდელის ინდივიდუალიზაციასა და მისი კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად დანიშვნას შეუძლებელს ხდის ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შენიშვნათა მე-4 ნაწილები.
როგორც წარდგინებაშია მითითებული, თუ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ცნობილი იქნება სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, დაეკისრება მინიმალური ჯარიმა - 2000 ლარი და ვერ შეძლებს მის გადახდას, მის მიმართ მომავალში წარმოიშობა სადავო ნორმების გამოყენების რისკი. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მინიმალური სახდელის გამოყენების პირობებშიც კი, პირი დადგება, სულ მცირე, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საფრთხის წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურმა მდგომარეობამ არ მისცა პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები) შეფარდებული ფინანსური სანქციის გადახდის შესაძლებლობა.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სასჯელის/სახდელის პროპორციულობის შესაფასებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის/სამართალდარღვევის სიმძიმე და შედეგად გამოწვეული ზიანი; დამნაშავის/სამართალდამრღვევის ბრალი, მისი პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, თუ რა სახის სასჯელი/სახდელი არის აუცილებელი პირის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, საზოგადოების დაცვისა და დანაშაულის/სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, ან, რა პირობებში შეძლებს სასჯელი/სახდელი თავისი მიზნების ეფექტიანად შესრულებას. როდესაც ცნობილია, რომ პირი ფინანსური/სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იხდის დაკისრებულ ჯარიმას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას, მის მიმართ მომავალში, გამოიყენება დასჯის უფრო მკაცრი მექანიზმი, ვიდრე იმ პირის მიმართ, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა. წარდგინების ავტორის პოზიციით, სადავო ნორმები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროში ამკვიდრებს კონკრეტული სახდელის გამოყენების ავტომატურ და ფორმალურ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც, ჯარიმის გადაუხდელობის ფაქტი, განურჩევლად გადაუხდელობის მიზეზებისა, ნორმატიულ დონეზე გარდაიქმნება პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების სავალდებულო საფუძვლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, რაც არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, სადავო ნორმები არღვევს სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპსაც. სხვადასხვა სუბიექტის მიერ იდენტური სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დადგომა განპირობებულია მხოლოდ პირის ქონებრივი მდგომარეობით. შედეგად, კანონმდებელი არაერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირებს ეპყრობა თანაბრად ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას, მხოლოდ ჯარიმის გადაუხდელობის გამო, სულ მცირე 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ გამოყენება ქმნის დისკრიმინაციულ სამართლებრივ რეჟიმს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
რაც შეეხება გასაჩივრებული რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის მტკიცებას, წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება არა უკიდურეს და აუცილებელ შემთხვევაში, არამედ ავტომატურად, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს თავისუფლების შეზღუდვის რეალური საჭიროება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დადგენილი რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას პირს სავალდებულო წესით შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ გააჩნდა ფინანსური შესაძლებლობა გადაეხადა ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული და პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა, რაც თავისუფლების შეზღუდვის თვითნებურ ხასიათზე მიუთითებს.
ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა პირველად ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითა და 173-ე მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ გამოყენებას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ამასთანავე, წარდგინების ავტორის მოსაზრებით, ბუნდოვანია სიტყვები - „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია“, ვინაიდან ჯარიმის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების წესით. ეს ყოველივე არის კანონით დადგენილი ფორმა და გაურკვეველია, რა შეიძლება ჩაითვალოს „კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადახდად“; გულისხმობს თუ არა იგი, მათ შორის, იძულებითი აღსრულების წესის გამოყენებას, ხოლო თუ არ გულისხმობს, რით არის ეს გამართლებული.
რატომ არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ წარდგინება არსებითად განსახილველად
როგორც კონსტიტუციურ წარდგინებაზე თანდართული მასალებიდან გაირკვა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირის მიმართ განიხილავდა საქმეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ფაქტზე, რაც გულისხმობს ამავე სამართალდარღვევების პირველად ჩადენას, რისთვისაც, სახდელის სახით, გათვალისწინებულია ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. შესაბამისად, თუკი საქმის განმხილველი სასამართლო პირს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობს, მას შეუფარდებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. თავის მხრივ, კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმები მიემართებოდა არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა პირველად ჩადენის შემთხვევას, არამედ ვითარებას, როდესაც აღნიშნული სამართალდარღვევები პირის ჩადენილია სამართალდარღვევისთვის განმეორებით, სახდელის ხოლო პირველად ჩადენილი სახით შეფარდებული ჯარიმა სამართალდამრღვევის მიერ არ არის გადახდილი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათელი გახდა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, საერთო სასამართლოს არ უწევდა კონსტიტუციური წარდგინებით გასაჩივრებული რეგულაციების გამოყენება.
წარდგინების ავტორი მოსამართლე მის განხილვაში მყოფ საქმეზე, რომლის განხილვაც შეაჩერა, არ იდგა სადავოდ მიჩნეული ნორმების გამოყენების წინაშე. ამ საქმეზე სავარაუდო სამართალდამრღვევის მიმართ ნორმების გამოყენების საჭიროება შეიძლება მომავალში დამდგარიყო, სხვა საქმეზე, კერძოდ მაშინ, თუ იგი ამჟამად განხილვაში მყოფ საქმეზე სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში, არ გადაიხდიდა მისთვის დაკისრებულ ფინანსურ სანქციას, ხოლო მომავალში კვლავ ჩაიდენდა იმავე სამართალდარღვევას. ამრიგად, სადავო დანაწესი არ წარმოადგენდა საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელზეც უნდა დაეფუძნებინა საქმის განმხილველ მოსამართლეს თავისი გადაწყვეტა.
კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმები რომ საქმეზე უშუალოდ გამოსაყენებელ კანონს არ წარმოადგენდა, ამას, ფაქტობრივად, არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უარყოფდა. იგი გასაჩივრებული რეგულაციებით გამოწვეულ პრობლემაზე ფართო და ზოგად კონტექსტში მიუთითებდა. მისი აზრით, სადავო ნორმები არსებითად აუარესებდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილების საფუძველზე (რომლებიც პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში გამოსაყენებელ კანონს წარმოადგენს განსახილველ საქმეზე) სახდელდადებული სუბიექტის სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას იგი, pro futuro, ავტომატურად დაექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასე რომ, პრაქტიკულად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, სადავო ნორმებთან დაკავშირებით კონსტიტუციურობის პრობლემას ხედავდა არა როგორც მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში წარმოშობილს, არამედ როგორც სამომავლოდ შესაძლებელს, როდესაც სასამართლო დადგებოდა გასაჩივრებულ რეგულაციათა შესაძლო გამოყენების წინაშე მომავალში განსახილველ საქმეებზე. ამის მიუხედავად, მას მიაჩნდა, რომ წარდგინების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ეცნო გასაჩივრებული რეგულაციები არაკონსტიტუციურად, ვინაიდან იგი განსახილველ საქმეზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის კონსტიტუციური უფლებების სამომავლოდ დარღვევის რისკებს შეიცავდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ასეთ ჭრილში დაყენება სცილდება კონსტიტუციური წარდგინების მიზანსა და ფუნქციას, რასაც იგი საზოგადოდ ემსახურება. კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის დანიშნულება იმაში ვლინდება, რომ იგი
საერთო სასამართლოს მოსამართლეს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს სავარაუდოდ, მისი აზრით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება in concreto დაწყებული სამართალწარმოების დროს. თავის მხრივ, კანონი, რომელიც არ არის გამოსაყენებელი განსახილველ საქმეზე სამართლებრივი დავის გადასაწყვეტად, ვერ იქნება დავის საგანი კონსტიტუციური წარდგინების ფარგლებში და ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს მის მიმართებაზე კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების გამოყენება იმ ნორმებთან მიმართებით, რომლებიც განხილვაში მყოფ კონკრეტულ სამართლებრივ დავაში გამოსაყენებელი არ არის, ეწინააღმდეგება სწრაფი მართლმსაჯულების კონსტიტუციურ მოთხოვნას. ასეთ დროს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვა იწვევს საერთო სასამართლოში საქმის განხილვის უსაფუძვლოდ შეჩერებას, რაც, გარდა მართლმსაჯულების სწრაფად/დროულად განხორცილების უმნიშვნელოვანესი საჯარო თუ ინდივიდუალური ინტერესისთვის ზიანის მიყენებისა, აფერხებს ინდივიდების უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ განსაზღვრულობას, მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ დროულ სიცხადეს საკუთარ უფლება-მოვალეობათა სფეროში.
სამომავლოდ გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციურობა ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი, რადგან კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც საერთო სასამართლოს წარდგინებებთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას განსაზღვრავს, არ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის არავითარ შესაძლებლობას. ხსენებული ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ (საკონსტიტუციო სასამართლო) „საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ ...“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე არ შეეხებოდა კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მოცემულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური წარდგინების შესახებ ემსჯელა.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ წარდგინება არსებითად განსახილველად არ მიიღო.