1770915493
ეკვადორში რვა თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს მუქარის შემცველი შეტყობინებებით
უცნობი თავდამსხმელების მიერ თავმოკვეთილი რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს ეკვადორის სანაპიროზე, პროვინცია გუაიასში. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ნარკოტიკებით მოვაჭრე ჯგუფებს შორის გავლენების გადანაწილების შესახებ დავას უკავშირდება.
პოლიციის მეთაურის, მარსელო კასტილიოს თქმით, დამნაშავეებმა ნეშტის გვერდით დატოვეს შეტყობინება - მუქარის შემცველი წარწერით: „ქურდობა აკრძალულია“.
იანვარში, ეკვადორის სანაპიროზე ხუთი ადამიანის თავი საჯაროდ გამოფინეს. მათ გვერდით ხის აბრა იყო, რომელიც აფრთხილებდა ბანდიტებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ე.წ. დაცვისთვის ფულს სძალავენ.
ეკვადორი სამხრეთ ამერიკის ყველაზე საშიშ ქვეყნად იქცა მიმდინარე ნარკოკარტელების ომის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები ძალადობის კატასტროფულ ზრდაზე მიუთითებს: გასულ წელს მკვლელობების მაჩვენებელმა 100 000 მოქალაქეზე 54 შემთხვევას მიაღწია. საშუალოდ, ქვეყანაში საათში ერთი მკვლელობა ხდებოდა.
ეკვადორის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რომელიც კოლუმბიასა და პერუს შორისაა მოქცეული - მსოფლიოში კოკაინის ორ წამყვან მწარმოებელს შორის - მას ნარკოტიკებით ვაჭრობის მთავარ სატრანზიტო პუნქტად აქცია. კოკაინის დაახლოებით 70% ეკვადორის წყნარი ოკეანის პორტების გავლით გადის, საიდანაც ის ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშია განკუთვნილი. მხოლოდ გასულ წელს ხელისუფლებამ 227 ტონა უკანონო ნივთიერება ჩამოართვა.
ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ბანდებთან საბრძოლველად არმია გამოიყენა, თუმცა სიტუაცია კვლავ კრიტიკულია.











