აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა... - რა შემთხვევაში იქნება დასაშვები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი

ავტომობილები

საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და მათი პირველადი ან დროებითი რეგისტრაცია. ამის გამო მოქალაქეებს გაუჩნდათ კითხვა, რას იზამენ ისინი, ვინც მანქანის ჩამოყვანის პროცესი უკვე დაიწყო და ავტომობილი შესაძლოა 1 აპრილის შემდეგ ჩამოვიდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ის მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და მის ტრანსპორტირებას 1 აპრილამდე დაიწყებენ, რეგისტრაციას შეძლებენ ჩვეულებრივ რეჟიმში, თუნდაც მანქანა ქვეყანაში აღნიშნული თარიღის შემდეგ შემოვიდეს. ამისთვის აუცილებელი იქნება ტრანსპორტირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილის შემოყვანა შესაძლებელი იქნება, თუმცა მისი რეგისტრაცია ვერ მოხერხდება.

ახალი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, ვინც მანქანის პირადი მოხმარებისთვის შემოყვანასა და რეგისტრაციას გეგმავს. 1 აპრილიდან დასარეგისტრირებელი ავტომობილი უნდა იყოს არაუმეტეს 6 წლის და აკმაყოფილებდეს ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს, რომელიც საქართველოში უკვე მოქმედებს და გამონაბოლქვის ნორმებს განსაზღვრავს.

შეზღუდვა არ ეხება რეექსპორტს — ავტომობილის სხვა ქვეყანაში გაყვანა და გაყიდვა კვლავ ნებადართულია. ასევე, ცვლილებები არ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უკვე ფლობენ უფრო ძველ ან დაბალი სტანდარტის ავტომობილებს.