„ევროპის კრიტიკა ძალიან მისაღებიც უნდა იყოს და სწორიც, ოღონდ უნდა იცოდე საიდან აკრიტიკებ“ - ჰერმან საბო

ჰერმან საბო

ევროპის კრიტიკა ძალიან მისაღებიც უნდა იყოს და სწორიც, ოღონდ უნდა იცოდე საიდან აკრიტიკებ - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დებატებში", პარტიის "გირჩი" სათათბიროს წევრი ჰერმან საბო აცხადებს.

ჰერმან საბოს განცხადებით, ევროპული ღირებულებების საფუძველი სიტყვის თავისუფლებაა, ამიტომ ევროპის კრიტიკა მისაღებია, თუმცა იგი უნდა ეფუძნებოდეს შინაარსობრივ და მორალურ არგუმენტებს, და არა პოლიტიკური მიზნებისთვის მტრის ხატის შექმნას.

"როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ამ თემაზე უნდა გვედებატა, ხმაური ატყდა, რომ როგორ შეიძლება საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკიო. მინდა თავიდანვე დავაფიქსირო, რომ არც ის ადამიანები, ვინც ამ დებატზე გვამუნათებდა და არც ზოგიერთი აქ მყოფი, არ მიმაჩნია პროევროპელად. ის ხალხი, ვინც გვამუნათებდა იმიტომ არ მიმაჩნია პროევროპელად, რომ თუ რამე არის ევროპული ღირებულება, არის სიტყვის თავისუფლება და არაფერია იმაზე უფრო ევროპული, რომ ევროპა აკრიტიკო, ოღონდ შინაარსობრივად და მორალური პოზიციიდან. ზოგიერთი ჩვენი სტუმარი იმიტომ არ მიმაჩნია პროევროპელად, რომ მათ ძალაუფლებაში დარჩენის მიზნით გადაწყვიტეს, რომ ევროპისგან მტრის ხატი შეექმნათ. რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება იხტიბარი არ გაიტეხო და ვთქვათ, რომ პროევროპელები კი არა პროქართველები ვართ, მაგრამ ჩემთვის ამ ორს შორის დიდი განსხვავება არ არის, ევროპული ღირებულებები როგორც უკვე ახსენეს დიდწილად თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან.

ევროპის კრიტიკა ძალიან მისაღებიც უნდა იყოს და სწორიც, ოღონდ უნდა იცოდე საიდან აკრიტიკებ. მაგალითად, ევროპა საკრიტიკოა იმაზე, რომ გარემოს რეგულაციების დაცვის გამო საკუთარი ეკონომიკა ჩაახშეს და ვეღარ ვითარდებიან, ოღონდ, მათ რომ ამაზე აკრიტიკებდე, შენ არ უნდა იღებდე ისეთ კანონებს, რომ 6 წლის მანქანაზე ძველი არ უნდა შემოიყვანო. ევროპა საკრიტიკოა იმის გამო, რომ სიტყვის თავისუფლება რაღაცნაირად მეორე პლანზე გადაწიეს და „ფეისბუკ“ პოსტების გამო ხალხი ციხეში უზით, მაგრამ აქ მეორე მხარეს მაშინ შენ კოლეგებს არ უნდა ემუქრებოდე იმით, რომ დაგიჭერ თუ არ მაღიარებო. ამ სიტუაციიდან ევროპა გამოვა გამარჯვებული, ევროპა გამოვა უფრო ძლიერი, ოღონდ როგორ დავხვდებით ჩვენ, დავხვდებით როგორც გულშემატკივარი, მეგობარი თუ მტერი - ეს იქნება გასარკვევი", - აცხადებს ჰერმან საბო.