ილია დარჩიაშვილი: საქართველო თანმიმდევრულად გააგრძელებს მომავალში რეფორმების განხორციელებას, რომ ჩვენი ქვეყანა ინსტიტუციურად და ფიზიკურად უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ჩვენი გზა

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულებაზე საუბრობს ის შედეგები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია მიღწეული.

„ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ იზეიმა ის უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად. საერთო ძალისხმევით მივაღწიეთ. საქართველო ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებით შეუქცევადად გახდა ამ ინტეგრაციის ნაწილი. ჩვენ ეს უზრუნველვყავით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველო შეუქცევადად გააგრძელებს გზას ამ გადაწყვეტილების მერე ევროინტეგრაციას საბოლოო წევრობამდე.

ჩვენი პასუხი ყველა იმ წუხილზე თუ გამოხატულ აზრზე, რომელიც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით შეფერხებას, ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი - საქართველო თანმიმდევრულად გააგრძელებს მომავალში სხვადასხვა ტიპის რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად ინსტიტუციურად და ფიზიკურად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ჩვენი გზა.

ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება თანმიმდევრული რეფორმების გატარება, რომლებიც აუცილებლად მოიტანს შედეგს და 2030 წლისთვის, თუკი ევროკავშირში იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გაფართოების პროცესი გარდაუვალია, მაშინ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ქვეყანა ამისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს ღიაობას, ჩვენს მზაობას, როგორც შესაძლებლობას, გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, გავაღრმაოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამისთვის საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.