1771355340
გურამ მაჭარაშვილი: დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული საკითხების კონცენტრაცია. შესაბამისად დადგა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის საკითხი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რეგიონებში გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობაზე ისაუბრა. ამით ის გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.
გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა არ იყო მიმართული რომელიმე უწყების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში გამართული შეხვედრებისას იკვეთება საკითხების გადაჭრის გაჭიანურების ტენდენცია.
„თითოეული ჩვენგანი კარგად ვიცნობთ თვითმმართველობის ინსტიტუტის, 2018 წლიდან მაჟორიტარი ვიყავი. ყოფილი მაჟორიტარი არ არსებობს და დღემდე ურთიერთობა მაქვს საზოგადოებასთან, გუბერნატორის ინსტიტუტთან და ბუნებრივია, ხელისუფლებასთან. სოზარ სუბარის გამოსვლაში რაც იყო პირველი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი გაჭიანურებულია. დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული კონცენტრაცია საკითხების. შესაბამისად დადგა საკითხი სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის. ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობით, პრემიერს შეუძლია არ ჰყავდეს რომელიმე რეგიონში რწმუნებული. ჩვენი მიზანი კი იყო და არის ის, რომ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი იყოს ეფექტური. არცერთი ინსტიტუტის მიმართ არ გვაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ არაერთ მუნიციპალიტეტში დავდივართ, ვეცნობით ვითარებას და თითქმის ყველგან ვხვდებით საკითხების გაჭიანურებას.
საკითხი არ დამდგარა ისე, რომ გაუქმებულიყო სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და დარჩეს რეგიონული განვითარების სამინისტრო. სამინისტროს შექმნით, კიდევ ერთი რგოლი დაემატა ცენტრალურ ხელისუფლებამდე თვითმმართველობის ორგანოებს. არ ვიცი როგორ მოხდება და შეძლებს თუ არა ხელისუფლება ეფექტური გახდეს არსებული სისტემა - თვითმმართველობა-სახელმწიფო ინსტიტუტი-სამინისტრო-პრემიერის აპარატი. ამ ოთხ რგოლში, თუკი ყველა დარჩება, ჩვენ ვფიქრობთ, ცოტა რთული იქნება გადაწყვეტილებების მიღება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.












