1771274494
"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოლო შეხვედრა იყო ერეკლესთან..." - ნინი ბადურაშვილი
მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა "სახალხო ინტერვიუში" მამასთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა. ნინის მამასთან, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.
"ავად იყო, მეც და ყველას ისე გვეგონა, რომ ვირუსი ჰქონდა, ყელი სტკიოდა, ანგინის გამო ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა და ვერ ლაპარაკობდა. მახსოვს, მასთან სახლში ბოლო ასვლა - იწვა და მითხრა, შეუძლოდ ვარო, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემი ბოლო შეხვედრა იყო ერეკლესთან.
ვერც ის დავუშვი, რომ ჩვეულებრივი ვირუსისგან შეიძლებოდა, ადამიანი აღარ ყოფილიყო. არანაირი წინასწარი გრძნობა არ მქონია, რომ რაიმე ცუდი იყო მოსალოდნელი. მასაც ასე ეგონა, რომ მალე აუცილებლად მორჩებოდა… იმ დღეს მეგობრებთან ერთად უცხოეთში მივფრინავდი და დავემშვიდობე. რომ ჩამოვიდოდი, რაღაც გეგმები გვქონდა - ფილმს იღებდა... სწორედ იმ ფილმის გადაღებების დროს გაცივდა... ის ბოლო შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივი იყო... მერე ჩვენი ნათესავის მიწერილი მესიჯი ვნახე, რომელიც ერეკლეს რამდენიმე დღეში გაუგზავნია: "მგონი, ეს ჩემი ბოლო მესიჯია და მალე აღარ ვიქნები“, - უკვე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს... ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ მე რატომ არ მითხრა, რომ ასე ცუდად იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. არადა, ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა, მაგრამ ბოლოს როდესაც მივწერე, აღარ მიპასუხა. მივხვდი, რაღაც არ იყო ისე. რადგან საქართველოში არ ვიყავი, სახლში დავრეკე, ლალის ველაპარაკე. ლალიმ მითხრა, - სასწრაფო გვყავდა, თქვეს, - გადავიყვანთო, მაგრამ არ გაჰყვა, ვირუსი მაქვს და მალე მორჩებაო. რას წარმოვიდგენდი, რომ ვირუსისგან და ჩვეულებრივი გაციებისგან შეიძლება ადამიანი გარდაცვლილიყო. თან ერეკლე ახალგაზრდა, ჯანმრთელი, სიცოცხლით აღსავსე ადამიანი იყო. დიდი გეგმები ჰქონდა... რთულია ამასთან შეგუება... უკვე 6 წელი გავიდა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც სახლში მივდივარ და მინდა დავურეკო, იმ დღის ამბები მოვუყვე, რადგან ასე ხდებოდა ხოლმე, - დღის ბოლოს ვურეკავდი და ამბებს ვუყვებოდი... ვერც იმას ვიჯერებ, რომ ლალიც აღარ არის... აი, ვერ მიიღო ჩემმა ტვინმა რომ ეს ადამიანები ცოცხლები აღარ არიან იმიტომ, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავათ. ვერაფრით ვხვდები, რანაირად აღარ არიან და რანაირად არ შემიძლია, რომ ავდგე, დავურეკო და მოვუყვე ჩემი ამბები..."- თქვა ნინიმ.












