არჩილ გორდულაძე: ჩარევა მინიმუმამდე უნდა იყოს დასული, რასაც ახლა ევროკავშირი ცდილობს, მაგრამ ჩვენ ზემოდან გვიყურებენ, ნურას უკაცრავად, ისეთივე ამაყი ქვეყნის შვილები ვართ, როგორც რომელიმე ევროპული სახელმწიფო

არჩილ გორდულაძე

მნიშვნელოვანია, უცხოეთიდან შემოსული თანხები გამჭვირვალე იყოს. პოლიტიკაში „შავ ფულს“ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩარევა მინიმუმამდე უნდა იყოს დასული, რის მიღწევასაც ახლა ევროკავშირი ცდილობს. ეს მისასალმებელია, ჩვენც ამას ვაკეთებთ, მაგრამ დაუსაბუთებელ კრიტიკას ვიღებთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის განცხადებაზე: „ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო, მხარს ვუჭერ ამას, თუმცა ირონიაა, რომ ევრობიუროკრატების იგივე ჯგუფი უნგრეთსა და საქართველოს სანქციებით ემუქრებოდა“.

არჩილ გორდულაძის შეფასებით, ასეთი მიდგომა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების განხილვა როცა მიმდინარეობდა, მაშინ პირველი შეტევა იყო იმაზე, რომ თურმე „რუსულ კანონს“ ვიღებდით და როგორ შეიძლებოდა, უცხოეთიდან მომდინარე თანხებში ეჭვი შეგვეტანა. შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა და USAID-ი და NED-ი თავად გააუქმეს. ეს ორგანიზაციები ცდილობდნენ, სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციური მოვლენები დაეფინანსებინათ. მნიშვნელოვანია, უცხოეთიდან შემოსული თანხები გამჭვირვალე იყოს, რადგან პოლიტიკაში „შავ ფულს“ ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით, უცხოეთიდან შემოსულს. ჩარევა მინიმუმამდე უნდა იყოს დასული, რის მიღწევასაც ახლა ევროკავშირი ცდილობს. ეს მისასალმებელია და ჩვენც ამას ვაკეთებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუსაბამო და დაუსაბუთებელ კრიტიკას ვიღებთ, რაც თავდასხმაა ქართულ სახელმწიფოზე. ზემოდან გვიყურებენ, თითქოს, მათ აქვთ თავიანთი ხალხის დაცვის უფლება, ხოლო ჩვენ მცირე ერი ვართ და ასეთი უფლება არ გვაქვს. ნურას უკაცრავად, ისეთივე ამაყი ქვეყნის შვილები ვართ, როგორც რომელიმე ევროპული სახელმწიფოა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.