გივი მიქანაძე: სამართლებრივი სივრცე არანაირ ცნებას „რეპეტიტორთან“ დაკავშირებით, არ მოიცავს. შესაბამისად, ის, რაც სამართლებრივად რეგულირებადი არ არის, ვერ იქნება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი

გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დეტალურად განმარტა. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ე.წ. რეპეტიტორების საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოება რადიკალურ ჯგუფებს მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სიმართლე პირველწყაროდან იცოდეს.

„ბოლოს დღეების განმავლობაში ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება. არის მცდელობა, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით მასწავლებლები შეცდომაში შეიყვანონ და კონკრეტულმა რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც ოპოზიციურ სპექტრთან პირდაპირ არიან დაკავშირებულები, მათგან გარკვეული აგრესია გამოიწვიონ.

1 ნოემბრიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომლებიც შეთავსებად სამსახურთან დაკავშირებით გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. ეს რეგულაციები უკავშირდება იმ მოცემულობას, რომ თუ ადამიანი ერთზე მეტ სამსახურში მუშაობს, ამ შემთხვევაში ძირითადი სამსახურის დამსაქმებელმა მას უნდა მისცეს კონკრეტული ნებართვა. ეს ვრცელდება საკმაოდ დიდ არეალზე თუმცა, მთავრობის კონკრეტული დადგენილებით დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებულ სივრცეს ეს გამონაკლისები დიდწილად ეხება. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი გახდა ე.წ. რეპეტიტორების საქმიანობა.

სამართლებრივი სივრცე არანაირ ცნებას „რეპეტიტორთან“ დაკავშირებით, არ მოიცავს. შესაბამისად, ის, რაც სამართლებრივად რეგულირებადი არ არის, ვერ იქნება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი. ეს არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური ურთიერთობის კომპონენტი, სადაც ადამიანები თანხმდებიან სამუშაოს მიღმა პროცესში გარკვეულ აქტივობაზე და შესაბამისად, ეს მათ შორის ურთიერთობით რეგულირდება. ამიტომ ეს ამ სამართლებრივი სივრცით არ რეგულირდება და სპეკულაციური ხასიათი ამაში გამოიხატება, როდესაც ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად ეწევიან კამპანიას, თითქოს, რაღაც ნებართვები არის ამ ყველაფრისთვის საჭირო. ის, რაც სამართლებრივად არ არის დარეგულირებული, არანაირ ნებართვის და შეზღუდვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ნებართვის გაცემა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ე.წ. ტრენინგ ცენტრში ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული. მინისტრის განმარტებით, თუ აღნიშნულ ცენტრებში მუშაობასა და ძირითად საქმიანობას შორის საათობრივი გადაფარვა არ ხდება, ნებართვა ავტომატურად გაიცემა.

„რიგ შემთხვევებში არის შექმნილი იურიდიული პირები, ე.წ. ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის ჩართული სახელშეკრულებო ურთიერთობებით და იქ მიმდინარეობს აბიტურიენტების გადამზადება. ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭირო იქნება სამართლებრივი სივრციდან გამომდინარე.

თუმცა, მთავარი არის, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა იმ ძირითად საქმიანობასა და დამატებით საქმიანობას შორის. თუ ეს საათობრივ გადაფარვას არ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, დირექტორიები გასცემენ ავტომატურ ნებართვას იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ასეთ ტრენინგ ცენტრებში არიან ჩართული.

შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ თუ მასწავლებელს აქვს დრო, რესურსი, რომელიც მის ძირითად საქმიანობას ხელს არ უშლის, ის სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამასთან ერთად უნდა, რომ მსგავს ტრენინგ ცენტრში დამატებით საქმიანობას ეწეოდეს, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები ავტომატურ რეჟიმში მათ სასარგებლოდ უნდა გასცენ და ეს არანაირი შეფერხებას და დაბრკოლებას არ დაექვემდებარება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ნებართვების თხოვნით მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია.

„მომართვიანობა არის დაფიქსირებული , თუმცა, არც ისე მაღალი, გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. რეპეტიტორების საქმიანობა არ საჭიროებს სამართლებრივ რეგულაციას და აქ რაიმეზე შეთანხმება ან ნებართვის გაცემა ფიზიკურად ვერ მოხერხდება.

ხოლო მასწავლებლების ის მცირე კონტინგენტის მხრიდან, რომლებიც ტრენინგ ცენტრებში არიან დასაქმებულები, მიმართვიანობა არის, თუმცა, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. რა ინფორმაციასაც ფლობს სამინისტრო ამ დროისთვის, შეფერხება არავის დაუწესდა“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.