1762879000
თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები - შსს
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე იმყოფება.
შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.
გეკა გელაძემ, მოადგილესთან და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.















