ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და ეძებს ახალ დასაყრდენ ძალას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სალომე ზურაბიშვილის მისამართით.
„ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადმინისტრაცია იყო ამერიკის ისტორიაში და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ დამაზიანებელ პოლიტიკას, რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მიერ წარმოებდა. რაც შეეხება სანქციების გაუქმებას, ეს აბსოლუტურად ლოგიკურად გვეჩვენება და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, თუმცა ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაახვედროს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტის საკითხს, გასაგები იყო, რომ მისი სტიპენდიატი სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, საზოგადოებას კარგად ახსოვს არჩევნებამდე ამ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც განიხილებოდა ვერსია იმის შესახებ, როგორ უნდა განვითარებულიყო პროცესები საქართველოში თუ მმართველი გუნდი, ან ოპოზიცია გაიმარჯვებდა.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პირდაპირ არ არის მიწვეული [ინაუგურაციაზე] და რადიკალური ოპოზიციური ფრთის ლობისტმა უილსონმა მიიწვია, ამის გამოყენებას ცდილობს და ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ის მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომ მის აზრს უსმენენ და ითვალისწინებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაზე კარგად სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ ეს ასე არ არის და შეიცვლება აშშ-ის პოლიტიკა მსოფლიოსთან მიმართებაში როგორც კი 20 იანვარი დადგება და ტრამპის ინაუგურაცია შედგება.
სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში გაკეთებული განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ისიც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და არანაირი რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ეძებს ახალ დასაყრდენ ძალას და სავარაუდოდ, უნდა, რომ ამ ძალის ლიდერი გახდეს, თუმცა ამის რესურსი არ აქვს და მცდელობა [ახალი პარტიის შექმნის] ვფიქრობთ, განწირული იქნება“, - აღნიშნა მიქანაძემ.