ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე გზის გადაკეტვის ეპიზოდსა და გუშინ დაკავებული პირების საქმეს განიხილავენ.

წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციაზე 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით აიყვანეს.

დაკავებულებს შორის იყვნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები - ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ორივე მათგანი გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დემონსტრანტების დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლიდან პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

ერთ-ერთი დაჯარიმებულის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან დემონსტრანტები კვლავ გააგრძელებენ პროტესტს და ისევ შეიკრიბებიან აქციაზე.

"უკანონოდ გვიწერენ რაღაც ჯარიმებს, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევენ იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ გავალთ დღეს საღამოს 19:00 საათზე აქციაზე", - განაცხადა გოგიტა სოლომონიძემ.

საია-ს იურისტის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვას ედავებიან, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვაა.

"მათ ედავებიან გზის უკანონოდ გადაკეტვას, თუმცა რეალურად ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გვინახავს. საუბარია იმაზე, რომ, თითქოს 16 დეკემბრის აქციაზე არ იყოს გზის გადაკეტვისთვის საჭირო რაოდენობა და ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ მათთვის შეედგინათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონით გათვალისწინებული ოქმი. ფაქტობრივად, ეს არის შეკრება-მანიფესტაციის უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა", - განაცხადა თამარ წულუკიძემ.