„ჯარიმა 500–5000 ლარის ფარგლებშია...“ - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

ლარი

2025 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყო და დარღვევებისთვის ჯარიმები ამოქმედდა. მონიტორინგს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ადგილზე მისვლით ან ვიდეოკონტროლის საშუალებით განახორციელებს.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის გიორგი შიოლაშვილის თქმით, მონიტორინგს სააგენტო პერიოდულობით განახორციელებს.

 „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალა, მონიტორინგის განხორციელება ტექინსპექტირების ცენტრებზე. მონიტორინგი სავალდებულო იქნება გარკვეული პერიოდულობით. შემოწმება მოიცავს როგორც ადგილზე სპეციალური ჯგუფების მისვლას, ასევე ვიდეოკამერების საშუალებით ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შესაბამისობის დადგენას ტექნიკურ რეგლამენტთან.

ცვლილებები გამოიწვევს საქმიანობის კონტროლს და მეტად მობილიზებულები იქნებიან ტექინსპექტირების ცენტრები. თუმცა მნიშვნელოვანია, ინსპექტირების პროცესი კომპეტენტურმა კადრებმა განახორციელონ, რადგან დარღვევების შემთხვევაში საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციებია,“ - აღნიშნავს შიოლაშვილი  „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

 აღსანიშნავია, ისიც რომ შინაარსიდან გამომდინარე, ხარვეზი შეიძლება იყოს სახიფათო, მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო. სახიფათო ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში - 2000 ლარით, ხოლო თუ უმნიშვნელო ხარვეზი ჰქონდა ავტომობილს - 500 ლარით დაჯარიმდება.