სახალხო დამცველი: ომბუდსმენის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული პირი მოინახულეს, მათგან ოთხი პოლიციისგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

saxlaxo damcveli

12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს, მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

„სახალხო დამცველი მოახდენს გამოძიების მონიტორინგს. არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში სახალხო დამცველის რწმუნებულს შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ შეექმნათ დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.