გიორგი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში მინისტრების მოსმენას არ დაესწრებიან

ლილუაშვილი

"პარტია "საქართველოსთვის" ამ ილუზიაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში 4 მინისტრის დაბარების შესახებ განაცხადა.

"პარლამენტის არსებობის ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ 4 მინისტრი მონაწილეობდეს ინტერპელაციაში ერთ დღეს. მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, არაერთხელ დარღვეულა ქრონომეტრაჟი ინტერპელაციის და გაგრძელებულა 2 დღე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი საკითხები დგას დღეს ქვეყნის წინაშე, რომლისთვისაც ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს პროცედურული შეზღუდვები ეკონომიკის, ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორმატი ემსახურება მხოლოდ ილუზიის შექმნას, რომ მთავრობა თითქოს ინარჩუნებს ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე და ჩვენ პარტია „საქართველოსთვის“ ამ ილუზიაში მონაწილეობას უბრალოდ არ მივიღებთ,"- განაცხადა ლილუაშვილმა.