1767017681
გია ვოლსკი: ფასების საკითხი კომისიამ უნდა შეისწავლოს და ზუსტი ვერდიქტი დადოს, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ აქვს ადგილი საბოტაჟს
ფასების საკითხი კომისიამ უნდა შეისწავლოს, რადგან არ შეიძლება, რომ საქონლის ქვეყანაში შემოტანასა და დახლამდე მიტანას ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც პოლიტიკურ ველზე დგანან, პოლიტიკურ ასპარეზზე არიან გამოსული, მუდმივად უტევენ ხელისუფლებას და საბოტაჟში მონაწილეობენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია.
„საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მათი როლი ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. საუბარი იყო საბოტაჟზე, რომელიც ქართულ ბიზნესს ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა ეწარმოებინა. ასევე შეტევა განხორციელებული იყო ლარის კურსზე. რეალობაში, ვინც ამ საქმით არის დაკავებული, ეს ადამიანები ამ პროცესებში იყვნენ ჩართულები. აქედან გამომდინარეობს აუცილებლობა, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას და ზუსტი ვერდიქტი დადოს, თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. წარმოუდგენელია, ფასია მატებას დღგ-ს აბრალებდე, რადგან ფასის მატება დათვლილია გადასახადის გარეშე, ფასის გამოკლებით და იმ ხარჯით გამოკლებით, რომელიც შემომტანს გააჩნია. გარკვეული ზღვარი არსებობს, რომლის იქით ეჭვი გიჩნდება, ადგილი ხომ არ აქვს საბოტაჟს“, – განაცხადა ვოლსკიმ.











