აზერბაიჯანის საგარეო უწყება მაკა ბოჭორიშვილსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მაკა ბოჭორიშვილსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე არსებულმა პოლიტიკურმა დიალოგმა და განხორციელებულმა ინტენსიურმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა მომავალ წელს მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობა.

„მხარეებმა განიხილეს რეგიონში ვაჭრობისა და კომუნიკაციის საკითხები და მიესალმენ ამ მიმართულებით ძალისხმევას. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძღვანელობას საკითხის დროულად მოგვარებისთვის. გარდა ამისა, მოსაზრებები გაცვალეს სხვა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. მინისტრებმა გულწრფელი მილოცვები გადასცეს ერთმანეთს მოახლოებულ ახალ წელთან დაკავშირებით და გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალ წელს კიდევ უფრო გაძლიერდება“ – აღნიშნულია განცხადებაში.