გია ცაგარეიშვილი: მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი უალტერნატივო გზა. სხვა ყველანაირი გზა ქვეყანას წაიყვანს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისკენ

გია ცაგარეიშვილი

მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი, უალტერნატივო გზა. სხვა ყველანაირი გზა ქვეყანას წაიყვანს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისკენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის აღიარება ერთგვარად კრავს წრეს და ყველასთვის ნათელია საით მიდის ეს პროცესები და რა უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მხარდამჭერებს.

„ვფიქრობ, სააკაშვილის ეს ერთგვარი აღიარება არ იყო დიდი სიახლე. მას თავისი მოსაზრება მრავალი წლის მანძილზე არ შეუცვლია. ამბობს იმავეს, უნდა იმავე, ცდილობს იმავეს, რასაც წინა წლებში და ახლა მისი მოწოდება სწორედაც კარგად წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ ზრახვებს. სააკაშვილმა ერთგვარად, კალაპოტი მიუჩინა იმ მოძრაობას, რომელიც ახლა გაჩაღებული აქვთ ოპოზიციონერებს ქუჩაში და პირდაპირ მიუთითა იქითკენ თუ რა არის გასაკეთებელი. ე.წ. ტექნიკური და დროებითი მთავრობა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გზით. ამაში გაწაფულები არიან სააკაშვილიც, მისი მეგობრებიც, გულშემატკივრებიც ქვეყნის გარეთ, რომლებიც საკმაოდ მსუყედ აფინანსებენ ახლა მიმდინარე პროცესებს თბილისის ქუჩებში. სააკაშვილმა უბრალოდ ვეღარ მოითმინა და გასცა ოპოზიციის ზრახვები თუ საით უნდათ მათ ქვეყანა წაიყვანონ. ნათელია, რომ სწორედ მისი დაკვალიანებული ადამიანები იყენებენ ამ საპროტესტო მუხტს იმისთვის, რომ სააკაშვილის მოწოდებული სცენარით წაიყვანონ ქვეყანა. ისინი ბუნებრივია სარგებლობენ გულწრფელად გამოხატული პროტესტით. ის ფაქტიც არ არის ახალი, რომ კონკრეტული ლიდერები, რომლებიც ამოფარებული არიან პროტესტანტებს, ხშირ შემთხვევაში პროვოცირებენ დაპირისპირებას საპოლიციო ძალებთან. გამოდიან პირდაპირი მოწოდებებით შტურმისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ. ვფიქრობ, სააკაშვილის ეს აღიარება ერთგვარად კრავს წრეს და ყველასთვის ნათელია საით მიდის ეს პროცესები და რა უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მხარდამჭერებს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზაზე.

„ოპოზიციას უნდა რევანში და ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერი საშუალების გამოყენებით. მათ უნდა იცოდნენ, რომ აქედან არაფერი გამოუვათ, როგორც წინა ჯერზე არ გამოუვიდა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას, კრიმინალურ გუნდს. საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ საღად უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი უალტერნატივო გზა. სხვა ყველანაირი გზა ქვეყანას წაიყვანს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისკენ. ამას ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ჩვენ ეს გამოვიარეთ და ამ გზაზე, კვალზე გავლას საქართველოს ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ აპირებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.