მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით
1773310823
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ფაშინიანმა აღნიშნა: "ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა."
პაპუაშვილის შეფასებით," ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს. ევროკავშირმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვითნებურად და არაპროვოცირებულად შეაფერხა."
"ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრია, რომელიც სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. ეს არის სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი - რა თემებზე მსჯელობენ, რა აქვთ სათხოვარი. ჩვენ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა გვაქვს. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს. ევროკავშირმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვითნებურად და არაპროვოცირებულად შეაფერხა. ასე რომ, ბურთი ბრიუსელის მოედანზეა, მათ უნდა გამოასწორონ მათივე გაფუჭებული. ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობის საკითხი. ნიკოლ ფაშინიანი იმ საკითხებს ახმოვანებს, რაც სომხეთისთვის მნიშვნელოვანია.
ბრიუსელმა საკუთარ გაფუჭებულზე თავად აგოს პასუხი. რაც გააფუჭეს, გამოასწორონ. მზად ვართ, ურთიერთობა სამუშაო პროცესს დაუბრუნდეს. მარტივია ნაბიჯები, რაც ბრიუსელმა უნდა გადადგას. იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა ურთიერთობები აღდგეს. პირველი – უარი უნდა თქვან საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით დამხობის მცდელობებზე, რადგან ბრიუსელისგან ანტიდემოკრატიულ მცდელობებს ვერ მივიღებთ. ეს არის მცდელობა, ქართველ ხალხს თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილებები. უარი თქვას საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილების წაქეზებასა და საქართველოში ფარულ დაფინანსებაზე, იმ სქემებზე, რომლებზეც ვეჭვობთ, რომ არსებობს საზღვარგარეთ დარეგისტრირებული "ენჯეოების" სიმრავლიდან გამომდინარე. ჩვენ ევროკავშირის სანქციებს პატივს ვცემთ, მაგრამ ამის საპასუხოდ ვხედავთ, რომ ჩვენს სანქციებს პატივს არ სცემენ, გვერდის ავლის მცდელობებია. ბრიუსელმა ანტიქართული რიტორიკა უნდა შეწყვიტოს, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია. ასევე, ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდის დაფინანსებასა და წარმოებაზე. მარტივი ნაბიჯებია გადასადგმელი და ბრიუსელმა იცის, რა აქვს გასაკეთებელი, რათა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.