ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი იყო - თეა წულუკიანი

წულუკიანი

"ყველაზე კარგად ვიცი, როგორც მოწმემ, პირველ წელს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, ეს გახლავთ სწორედ, ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ის გამარჯვებები, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ არაერთი წლის მანძილზე, არის თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგი. მინდა, ამისათვის დავიწყო ძალიან დიდი მადლობით.  თქვენ ბრძანდებით დელეგატები, თქვენ წარმოადგენთ უამრავ ქალს, რომელიც რეგიონებში დარჩა. გავიხსენებ, ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როცა ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი, ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით.

რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. ასევე, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული წინა ხელისუფლების მიერ და რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უფლებებს ოჯახში, ჩვენს უფლებებს სამსახურსა და ჩვენს უფლებებს პოლიტიკაში“, - განაცხადა წულუკიანმა.