ეკა სეფაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას: რამდენად გამართლებულია ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში ჩამორთმეული მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად გამოცდის თავიდან ჩაბარება

ეკა სეფაშვილი

ნარკოტიკული თრობის დროს ავტოსაშუალების მართვის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობის ხელახალი აღებისას გამოცდის ჩაბარება რამდენად არის გამართლებული და ხომ არ იზღუდება ასეთ შემთხვევაში პირის უფლებები? დაინტერესდა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას.

„კითხვა მაქვს მართვის მოწმობის ხელახლა აღებასთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ პირს, რომელსაც ნარკოტიკული თრობის დროს ავტოსაშუალების მართვის გამო ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ახლიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის ასაღებად. ეს რამდენად გამართლებულია?“ - მიმართა სეფაშვილმა საკითხის მომხსენებელს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეს.

ეკა სეფაშვილის პასუხად არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე მსჯელობა კიდევ შესაძლებელია მეორე მოსმენით საკითხის განხილვისას და პრაქტიკულად დაეთანხმა ეკა სეფაშვილს იმაში, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე რეგულაციები უნდა იყოს ჩადებული კანონში, რაც არის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში.