ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

ეკა სეფაშვილი

„ამ ეტაპზე, კარგი იქნება, სამინისტრომ მოამზადოს პირველადი ფინანსური დოკუმენტი - რა დაუჯდება სახელმწიფოს, სკოლას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების უფასო კვება, თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებითა და დათქმებით, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ნაბიჯების გადადგმაზე,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმინეს.

მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.

დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა პირველ ეტაპზე სამინისტრომ მოამზადოს ფინანსური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს და სკოლას მოსწავლეების უფასო კვება.    „დღეს ჩვენ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ განათლების სისტემის სხვადასხვა მიმართულების განვითარების შესახებ და დავრწმუნდით, რომ რეფორმა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და საჭიროა, რომ სამინისტრომ ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევებს, რათა საქართველომ შეძლოს ისე განვითარება, როგორც მას შეეფერება და როგორც მოითხოვს ამას გლობალური განვითარების ტენდეციები. ბატონო მინისტრო, მე ისევ დავუბრუნდები ჩემს მიერ უკვე დასმულ ერთ-ერთ საკითხს, რომელიც სკოლებში უფასო კვებას ეხება. თქვენ აქ ისაუბრეთ, რომ სამინისტრომ გარკვეული სამუშაოები ჩაატარა პროდუქტების რეალიზაციის მიმართულებით. ეს, რასაკვირველია, მისასალმებელია, თუმცა ნაბიჯები კიდევ უფრო წინ უნდა გადავდგათ და რეფორმა უნდა განხორციელდეს სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიმართულებით. თქვენ ისაუბრეთ ე.წ. "ლანჩბოქსებზე", თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ვერ გადაჭრის იმ საკითხს, რომელიც რეალურად დგას დღეს სკოლის მოსწავლეების წინაშე. თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად იზრდება, ვითარდება, ბიუჯეტში იზრდება შემოსავლები, რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, კარგი იქნება, სამინისტრომ მოამზადოს პირველადი ფინანსური დოკუმენტი - რა დაუჯდება სახელმწიფოს, სკოლას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების უფასო კვება, თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებითა და დათქმებით, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ნაბიჯების გადადგმაზე. ვიცი, რომ ეს პროცესი რთულია, მოითხოვს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას, ისეთის როგორიც არის მაგალითად, კვების უვნებლობის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა ასეთი პრაქტიკის ძალიან კარგი მაგალითი უკვე გვაქვს საბავშვო ბაღებში, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს მათი სამზარეულოები შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით, ჰიგიენის შესაბამისი ნორმების და საკვების დამზადების ყველა სანიტარული ნორმების დაცვით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და ეროვნულ კანონმდებლობას. ასე რომ,  კარგი მაგალითი ქვეყანაში გვაქვს, გამოცდილებაც პოზიტიურია და შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით გადავდგათ პირველი ნაბიჯები, რაც არის ფინანსური ღირებულების დათვლა და დავიწყოთ ამ მიმართულებით განვითარება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.