„დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაკვეთილებს მიიღებს წარსულიდან“ - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყება

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაკვეთილებს მიიღებს წარსულიდან და რუსეთთან უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს" - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ ვრჩებით საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე, ჩვენ უნდა გადავლახოთ განსხვავებები და აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი პროცესი," - წერია დოკუმენტში.

რუსეთის საგარეო უწყებაში ეს პასუხი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მედიის დასმულ კითხვას მოჰყვა. უწყება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებად სტაბილიზაციასა და "რუსოფობიული კამპანიის" დასრულებას ასახელებს.

მაშინ, როდესაც მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პირველი დიპლომატების მოლაპარაკების შედეგის მოლოდინშია და უკრაინა ომის საფრთხის წინაშე დგას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს შესახებაც კეთდება განცხადება.

2021 წლის რუსული დიპლომატიის შემაჯამებელ კითხვა-პასუხში, რომელსაც სერგეი ლავროვის უწყება ავრცელებს, საუბარია საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა დროებითია და რუსული მხარე ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ.

თუმცა აცხადებენ, რომ პროცესი ორმხრივი უნდა იყოს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ თავშეკავებულობისკენ. აქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების პირობები ქართული მხარისთვის კარგად ნაცნობია.

რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას უკვე უპასუხეს თბილისში. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ეპიდსიტუაციაა. ზურაბ აბაშიძის თქმითვე, როგორც კი ეპიდვითარება გაუმჯობესდება, ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. მაშინ ეს გადაწყვეტილება ოკუპანტმა ქვეყანამ უსაფრთხოების საბაბით ახსნა.