დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო - კახა კალაძე

კახა კალაძე

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინ გადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით.

„თუ ვინმეს მართლაც ობიექტურად აქვს სურვილი, ნახოს, რა გააკეთა საქართველომ ამ მიმართულებით ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც, მაგალითისთვის, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი, გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ არის სხვა მოცემულობა, საქართველოსთან მიმართებით აქვთ სხვა დამოკიდებულება – ის გაზულუქებული, კორუმპირებული ევრობიუროკრატები, რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ, საქართველოს არჩევნებში დამარცხდნენ, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა – არა, რაც მათ აგიჟებთ და სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ, გვაშანტაჟონ სხვადასხვა თემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეესაბამება ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.

„საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფლად. არჩევნებში დამარცხდა გაზულუქებული კორუმპირებული ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი, ის, ვინც ამ ფორმულირებას აბსოლუტურად შეესაბამება, ასევე დამარცხდნენ რადიკალები, ქვეყნის მტრები, აგენტები, ვინც ქვეყნის გაყიდვაში იღებდნენ ფულს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, აქ ორმაგი სტანდარტი ვლინდება. კერძოდ, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა და ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო კლავდნენ, ქონებას ართმევდნენ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ციხეებში იბარებდნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრება, მაშინ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია, ყველა საინფორმაციო სააგენტო. დღეს არის მედიათავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკითხზე შეუძლია, მოიძიოს ინფორმაცია და გააკეთოს სწორი ანალიზი და შედარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.