დავით მათიკაშვილი: მთელი მსოფლიო კარგად დაინახავს ქართველი ხალხის განწყობას, რომელიც 26 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან იქნება რეალიზებული

დავით მათიკაშვილი

ძალიან კარგად იცის ევროკავშირის ელჩმა და ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ქვეყანაში არის გამჭვირვალე წინასაარჩევნო პროცესი, რომ არა დარღვევები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობს. მმართველი გუნდი ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას და ზუსტად ასრულებს მას. პროცესები არის მშვიდ გარემოში, - ასე გამოეხმაურა დავით მათიკაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საარჩევნო კამპანიის მსვლელობასთან დაკავშირებით. .

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, რომ ადგილი აქვს არჩევნების პროცესისადმი წინასწარი განწყობის შექმნას. მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც წინასაარჩევნო პროცესები ამ რაკურსით ფასდება.

„მთელი მსოფლიო კარგად დაინახავს ქართველი ხალხის განწყობას, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება რეალიზებული საარჩევნო ურნებთან. ეს არის განწყობა, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას გულისხმობს. ვერ ავყვებით ჩვენ სხვადასხვა ძალებს, იმისთვის რომ ჩვენი ხალხი ვითომ რაღაც „დიდი გლობალური მიზნების“ შესასრულებლად სამსხვერპლოზე მივიტანოთ. საქართველოს აქვს თავისი მნიშვნელოვანი ინტერესი. ეს ინტერესი რა თქმა უნდა, არის ევროკავშირი, ევროპის გზით სიარული, თუმცა არა უღირსად, არა ომით, არა საკუთარ ტრადიციებზე უარის თქმით, საკუთარი სულიერი სამყაროს ნიველირებით და რაღაც გადაგვარებით, არამედ ამ ყველაფრის შენარჩუნებით, ღირსებით, ტრადიციით, ოჯახური ღირებულებების დაფასებით, ეკლესიის პატივისცემით. ამ ყველაფერს შეიცავს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.