1732386875
დააყენა თუ არა ეუთოს თავმჯდომარემ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობა
დავით ზალკალიანის შემდეგ, ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პარლამენტში გადაინაცვლა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.
ამ თემაზე განმარტებები გაკეთდა როგორც „ქართულ ოცნებაში", ისე ოპოზიციაშიც. აღინიშნა, რომ საკითხი სააკაშვილის გუნდელმა მართლაც დასვა, პასუხად კი დიპლომატისგან მოისმინა, რომ პატივს სცემს ქვეყნის კანონმდებლობას.
„ეს საკითხი შეხვედრაზე დააყენა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ, რაზედაც პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოს სასამართლომ. მოგვიწოდა მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში იყოს მეტი ერთიანობა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ შეხვედრაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ ნიკოლოზ სამხარაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ბატონმა სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც ციტირებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. დიახ, დავსვი პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი, რა თქმა უნდა, რადგან ე სარის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა და ახლა არის მომენტი, როდესაც პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას და, სხვათა შორის, ამისკენ მოგვიწოდებს თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც, იმისთვის, რომ სწორად გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ საგარეო გამოწვევებს. პოლონეთს ძალიან კარგად ესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების კონტექსტში მართლაც იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თუმცა, შუამდგომლობაზე საუბარი არ ყოფილა. „პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი ერთობასთან მიმართებაში, რომელიც ქვეყნის ერთიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამის გაგრძელება იყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ამ შიდა ერთობას მოემსახურება. ეს იყო მისი პირადი პოზიცია როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს ქართულ კანონმდებლობას. შუამდგომლობის ნაწილი არ დაფიქსირებულა“, -აცხადებს აქუბარდია.