ბლაჟევიჩსა და "ნაცმოძრაობის" დღევანდელ ლიდერებს უნდათ, რომ ეს საზოგადოება იაფფასიანი ხრიკებით მოატყუონ, არაფერი გამოუვათ და გუშინდელი დღე იყო ამის პირდაპირი დასკვნა - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა "ღამის კურიერში" ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე დადის და მას ვერანაირი უცხოელი ასისტენტი ვერ უშველის, რადგან მათი იაფფასიანი ხერხები, ქართველ ხალხზე არ მოქმედებს:

"გვახსოვს, მანამდე "ნაცმოძრაობას" სხვაგვარი უცხოელი ასისტენტი ჰყავდა, რომელმაც რა ხეირი მოუტანა კარგად ვიცით. ახლა, სხვაგვარი უცხოელი ასისტენტი ჰყავთ. ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე დადიან. ერთი მხრივ, ამ უცხოელმა ასისტენტებმა არ იციან, არ ესმით ქართველი ადამიანის მენტალობა. არ იციან და ალბათ არც უნდათ გაიგონ, რომ საქართველოში ქართველი კაცის, ქართველის პოლიტიკურ შეხედულებაზე ასეთი იაფფასიანი [ხერხებით] ვერ იმოქმედებ.

ქართველმა საზოგადოებამ 90-იანი წლებიდან დღემდე, ბევრი განსაცდელი გამოიარა, ბევრ გამოწვევას გაუძლო, 2012 წლამდე რეჟიმში მოუწია ცხოვრება, რომელიც საკუთარ ხალხს ხოცავდა, ბიზნესს ართმევდა, პატიმრებს აუპატიურებდა. ეს ყველაფერი გამოიარა, ამხელა გამოცდილება მიიღო და ახლა ბლაჟევიჩს, "ნაცმოძრაობის" დღევანდელ სახეებსა და ლიდერებს უნდათ, რომ ეს ადამიანები, ეს საზოგადოება, ამ იაფფასიანი ხრიკებით მოატყუონ. არაფერი გამოუვათ და გუშინდელი დღე იყო ამის პირდაპირი დასკვნა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.