1743366857
ბევრმა დაადასტურა, რომ ადამიანებს არ აფრთხილებდნენ... ისინი მიატოვეს და სწორედ ამის შედეგი იყო ძალიან ბევრი ადამიანის სიკვდილი - სოზარ სუბარი აგვისტოს ომზე

დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. სხდომაზე დღესაც განიხილავენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება. უმრავლესობაში ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ აუცილებელია საქმის გამოძიება.
ოპოზიციაში კი არ აღიარებენ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას და ამბობენ, რომ ომში დამნაშავე ქვეყანა არ არის საქართველო. კომისიის შეკითხვებს დღეს მამუკა ყურაშვილი, გიორგი ვოლსკი, გიორგი ხაინდრავა და ირაკლი ბათიაშვილი უპასუხებენ.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
"თითოეული მათგანი უშუალოდ იყო მომსწრე და ჩართული, ძალიან ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაში. ბევრმა ადამიანმა, გამოკითხულმა, უკვე დაადასტურა, უტყუარად, ეჭვშეუტანლად, რომ ადამიანების გაფრთხილება არ ხდებოდა, ადამიანები იყვნენ მიტოვებულნი და სწორედ ამის შედეგი იყო ძალიან ბევრი ადამიანის სიკვდილი. მსგავსი დეტალები ბევრია და, შესაბამისად, ეს უნდა იყოს გამოძიებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.