„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოფისში ბრიფინგი გამართა.
„თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ. მთელი დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს.
აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა
ძალადობის ფაქტები.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ჩატარდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.
კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას!“,- განაცხადა დარახველიძემ.