თინა ბოკუჩავა: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ მომეწონა, ახლა მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე და ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა?

თინა ბოკუჩავა

აქციის ორგანიზატორი იყო და არის „რუსთაველის გამზირი“, რომელსაც ლიდერი ჰყავს, მათი გეგმის შესახებ არ ვიცოდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცინალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო, ძალიან ბევრი ადამიანი გამოსულიყო რუსთაველზე.

„აქციის ორგანიზატორი იყო და არის „რუსთაველის გამზირი“, რომელსაც ლიდერი ჰყავს. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ოფიციალური განცხადებით ვუერთდებოდით და ვუერთდებით, მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ პროტესტს იმიტომ, რომ მთავარ მიზნად ვასახელებდით, არ შემდგარიყო რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნებს ეძახდა ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ბევრი ადამიანი მდგარიყო აქ, დღეს, რუსთაველის გამზირზე. გეგმის შესახებ არ ვიცოდით. ამ აქციას ჰყავდა კონკრეტული ორგანიზატორი, რომელსაც რაღაც კონკრეტული გეგმა ჰქონდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ძალიან ბევრი ადამიანი გამოსულიყო რუსთაველზე, ამას ვამბობდი მე პირადად და ამას ვუსვამდით ყოველთვის ხაზს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, რეჟიმს უნდა, ადამიანებს არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალება დააბრალონ, კონკრეტული ადამიანები დააკავონ, არამედ ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპირონ.

„ძალიან არ მომეწონა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება, რომელსაც სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა. მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომ რეჟიმმა არ გამოიყენოს ოპოზიციის შიგნით შუღლის გასაღვივებლად. დღესაც ზურაბიშვილმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა, გაემიჯნა პროცესს, რა მარტივია. ახლა მეც გამოვიდე და გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თურმე გეგმა არ ჰქონია, შეიძლება, გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება, რაღაცა სხვას გეგმავდა და ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა? აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა, ანუ ეს უნდა გავაკეთოთ დღეს ოპოზიციის ლიდერებმა? თუ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ, დავიცვათ. პასუხისმგებლობის რაღაც წილი ყველას გვაქვს ვინც დღეს აქ ვდგავართ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.