აშკარად უადგილოდ ჩანს, რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება - დავით სერგეენკო

სერგეენკო

"აშკარად უადგილოდ ჩანს, რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"აშკარად უადგილოდ ჩანს, რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება. ვეცადე მომეძიებინა ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს არის 2-3 წლის წინ დაწყებული მოლაპარაკების პროცესი, რაზეც ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა, ჯერჯერობით, ცალმხრივად რუსეთიდან. არ ვიცი, რას ვაპირებთ. მეხუთეჯერ ვიტყვი, მართლა უადგილოდ მომეჩვენა ეს", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული რძის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხზე გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ 5 მარტს მიიღო.  გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა 15 ქართულ კომპანიას რუსულ ბაზარზე ნაწარმის შეტანის უფლება მისცა.