რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
აშშ-მა კოსმოსში იარაღი განათავსა, რომლის გამოყენებასაც ამერიკული ძალების დასაცავად გეგმავს. ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ის საჰაერო ძალების მდივან ტროი მაინკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაინკის თქმით, ეს ნაბიჯი ჩინეთისა და რუსეთისთვის მკაფიო გაფრთხილებაა.
მისი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა პირველად დაადასტურა, რომ კოსმოსში საკუთარი შეტევითი შესაძლებლობა აქვს. მანამდე ვაშინგტონი არაერთხელ აცხადებდა, რომ ჩინეთი და რუსეთი ორბიტაზე შეტევით მანევრებს, მათ შორის ლაზერებისა და ელექტრონული ჩახშობის საშუალებების გამოყენებას ავითარებდნენ, რაც აშშ-ის თანამგზავრებს საფრთხეს უქმნის.
მაინკმა არ დააკონკრეტა, რა ტიპის იარაღია ახლა კოსმოსში განთავსებული, თუმცა მიანიშნა, რომ მისი გამოყენება ე.წ. „კოსმოსის კონტროლის“ მიზნით იქნება შესაძლებელი.
აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც The Washington Post-ს ანონიმურობის პირობით დამატებითი დეტალები მიაწოდა, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა გულისხმობდეს მოწინააღმდეგის თანამგზავრის განადგურებას იმ შემთხვევაში, თუ ის ამერიკელი სამხედროების ან აშშ-ის თანამგზავრის წინააღმდეგ სამიზნედ გამოიყენება.
პარალელურად, აშშ ასევე ავითარებს კოსმოსში განთავსებული რაკეტების ქსელს, რომელიც სამომავლოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი „ოქროს გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილი უნდა გახდეს, - იუწყება გამოცემა.
მაინკმა არ განმარტა, რატომ გადაწყვიტა ვაშინგტონმა ახალი შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სწორედ ახლა.
„ამ საკითხებზე საუბრისას ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ახალი შესაძლებლობის საჯაროდ გამჟღავნება „შემაკავებელი ფაქტორის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“.
„ეს იარაღი აშშ-ის ძალებს მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მოქმედებებისგან დაიცავს“, — აღნიშნა საჰაერო ძალების მდივანმა.