„ასეთი მძიმე განცხადება მე ძალიან იშვიათად მახსენდება" - ხატია დეკანოიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე 

დეკანოიძე

ამერიკის საელჩოს კრიტიკულ განცხადებას პოლიტიკურ პარტიებში დილიდან მოჰყვა შეფასებები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ასეთი მძიმე განცხადება მთავარი პარტნიორის მხრიდან არ ახსენდებათ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი გადაწყვეტილებებით დემოკრატიასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას საფრთხეს უქმნის.

"ასეთი მძიმე განცხადება მე ძალიან იშვიათად მახსენდება, რომელიც პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას, პრაქტიკულად, მომავალი უუქმდება. ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არა მხოლოდ დემოკრატიას უთხრის ძირს, არამედ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას," - ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს ამგვარი მკაცრი ტონი მაღალი ხარისხის შეშფოთებას აჩვენებს.

"პირდაპირ არის განაცხადი, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ნატოსა და ევროკავშირში არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებებზე. "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკით უქმნის პრობლემას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი, ჩემი აზრით, არ არის საჭირო და მისი გაუქმება სწორი იქნებოდა, თუ მართლა გაუქმდებოდა საბოლოო ჯამში, ხოლო სასამართლოს არ უშველის წვრილმანი ცვლილებები და რადიკალური რეფორმებია საჭირო. მეორე მხრივ, არ შეიძლება არ დაეთანხმო ამერიკის ელჩს იმაში, რომ როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არის დღის წესრიგში, ამას რაღაც განხილვა უნდა მოჰყვებოდეს, უფრო სერიოზული და ხანგრძლივი პროცესი," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ამერიკის საელჩო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების საკითხს განცხადებით ეხმაურება. წერილში წერია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.