არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, დააზიანონ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს აზიანებენ - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

არიან ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, დააზიანონ საქართველის ინტეგრაციის პროცესი, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში აზიანებენ არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა Politico-ს სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირი მზად არის, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს, თუ „ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს“.

როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, „ეს ცრუ ნარატივი და ცრუ ინფორმაციაა, რაზეც სერიოზული საუბარი არარელევანტურია.

„რაც მთავარია, არიან ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველის ინტეგრაციის პროცესი დააზიანონ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში აზიანებენ არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს. ამიტომ, მსგავსი ნარატივებით საუბრები, სპეკულაციები და დეზინფორმაცია ნამდვილად არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. ვინც ამას კადრულობს, ის მტრობს საქართველოსაც და ევროკავშირსაც. არ გამიკვირდება, დრო გავიდეს და „ფარას“ დოკუმენტებიდან ცნობილი გახდეს, რომ ეს სტატიაც დაკვეთილი იყო კეზერაშვილების, სააკაშვილების და ასეთი ოდიოზური პირების მხრიდან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ავტორი - თეონა მანაგაძე