1733203998
არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს კატეგორიულად მიუღებელია
დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.
მისი თქმით, მუქარით საუბარი მიუღებელია.
„როდესაც [ხალხს] ემუქრებიან, რომ თქვენს იმ ბენეფიტს, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ აირჩიეთ ძალა, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდაო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ორმაგის, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი, რომელიც არ არის მისაღები ორ თანასწორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
ძალიან კარგია, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც ფაქტებს აღიქვამენ რეალურად და არ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ აღქმების შესახებ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დებატები თითქმის ცარიელ დარბაზში წარიმართა. ევროპარლამენტარების პოზიციები განსხვავებულია. ნაწილმა თქვა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ევროპარლამენტარების ნაწილმა კი ყველას მოუწოდა, პატივი სცენ ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ გამოხატულ პოზიციას.