მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

ელენა წერეთელი

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი, და მისი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს.

3 ოქტომბერს, ჟულებსკის ბულვარზე მდებარე ბინაში ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. ექსპერტებმა ადგილზე სისხლის, იარაღისა და საბრძოლო მასალის კვალი იპოვეს.

გამოძიებამ სამართალდამცველები ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც ელენა წერეთლის პარტნიორი იყენებდა. იქ 19 წლის გოგონას ცხედარი და იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილია. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ორივე მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა.

ადვოკატ ალექსეი პეტროპოლსკის განცხადებით, ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივსა და საქმის სხვა დეტალებს ადგენს.

✕